თბილისში მდებარე 213-ე ბაღი მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი იყო – მიზეზი ძარცვის მცდელობაა. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბავშვები, რომლებმაც სკოლამდელ დაწესებულებაში ფანჯრიდან შეაღწიეს და ინვენტარი დააზიანეს.
„პირველების“ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ არასრულწლოვნების ჯგუფი ბაგა ბაღის შენობაშია შეჭრილი. 6-7 წლის ბავშვების 5 კაციანმა ჯგუფმა ჯერ დაკეტილი ბაღის ფანჯარა ჩაამტვრია, შევიდნენ შენობაში, შემდეგ ოთახები სათითაოდ ჩამოიარეს და ინვენტარი დააზიანეს. გატეხილია რამდენიმე ოთახის საკეტი. ბავშვებმა ძალის გამოყენებით გახსნეს დირექტორის მოადგილის და ექთნის კაბინეტებიც.
213-ე ბაღში პატარების დაჯგუფება გუშინ საღამოს შეიჭრა. უცნობია, რას ეძებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები დაკეტილი ბაღის შენობაში. პირველადი ინფორმაციით, წაღებული არაფერია, თუმცა ოთახების საკეტები და ინვენტარი დააზიანეს, თანამშრომლებს არეული დახვდათ კარადები და სათავსოებიც.
უჩვეულო თავდასხმის შესახებ, ბაღის დირექტორმა ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა. ვიდრე მომხდარი დანაშაულის შესახებ, ნინო ლომინეიშვილი პოლიციას შეატყობინებდა, მან საჯარო პოსტით სავარაუდო დამნაშავეები ბოდიშის მოსახდელად და ახსნა განმარტებისთვის დაიბარა. თუმცა შემდეგ, ეს განცხადება წაშალა და ბაღში კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს.
ვინ შეიჭრა ბაღში – ამის დასადგენად საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელიც მივიდა. თუმცა ადგილიდან ვერანაირი ნიმუში ვერ ამოიღეს. სავარაუდოდ, ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები. ზოგს შენობაში შეჭრისას ხელთათმანიც კი ეკეთა. ამიტომ ანაბეჭდები და სუნის ნიმუში გამომძიებელმა ფიზიკურად ვერ აიღო.
სააღმზრდელო დაწესებულება საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრად დღეს დილიდან იყო გადაქცეული. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები ბაღში გამოკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პარალელურად, პატარა კრიმინალების ძებნის ოპერაცია მთელი დიღმის მასშტაბით დაიწყო. დღის ბოლოს, 5-ივე კანონდამრღვევის ვინაობა გამოვლინდა.
ბაღში შეჭრაში მხილებული პატარები მშობლებთან ერთად დღეს პოლიციამ ამავე ბაღის შენობაში დაიბარა. მათ გაფრთხილება მისცეს და სავარაუდოდ, დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებინებენ.