ირაკლი კობახიძის დედამ “Tvპირველს” სასამართლო დავა მოუგო

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “შაბათის ეთერის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის – ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.
ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ  დღეს, კობახიძის დედის სარჩელი დააკმაყოფილა.
“ტვპირველს” დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.
თამარ ზაალიშვილი ასევე უჩიოდა მარინე მიქაუტაძეს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და სიუჟეტში რესპონდენტი იყო. ის დიპლომების გაყალბების შესახებ საუბრობდა. სასამართლომ მასაც 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. დავის საგანი ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროს, როგორიცაა განათლების ხარისხის განვითარების სფერო, განათლების სისტემა.

შესაბამისი დოკუმენტაცია გამოთხოვილი იყო ყველა სათანადო ინსტიტუციიდან, რომელსაც კი შეიძლებოდა, რაიმე შემხებლობა ჰქონოდა თეატრალური ინსტიტუტის დიპლომების ნამდვილობის დადასტურებათან. სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზეც, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. დავის საგანი ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროს, როგორიცაა განათლების ხარისხის განვითარების სფერო, განათლების სისტემა. ვფიქრობ, თითოეული მოქალაქის ვალია, საზოგადოება სიცრუეში არ ამყოფოს და მას სიმართლე უთხრას. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიუჟეტში წარმოდგენილი თითოეული მოსაზრება, თითოეული განცხადება აბსოლუტური სიცრუე და ცილისმწამებლურია, რადგან არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციებით გავიდა სიუჟეტი. თუნდაც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არსებობდა ერთადერთი მიზანი – ეს იყო ვიწროსუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეელახათ“, – განაცხადა თამარ ზაალიაშვილი.

მარინე მიქაუტაძის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ჩვენ ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბოლომდე მივყვებითმ თნდაც მივიდეს გზა ევროსასამართლოს კარებამდე. დადგება აუცილებლად დრო. სხვანაირი შედეგი რომ მიეღოთ მართლა გამიკვირდებოდა.”