84-ხმით, 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა პირველი მოსმენით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მიიღო.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, ასევე კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა.
ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში აისახება, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის აკრძალვაა. სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირდება.
რაც შეეხება ე.წ. “პასუხის უფლებას“, ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.
კანონის პროექტით პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა. პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება.