„მინდა გაიგოთ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე არის ზემო აჭარა, ქედა, შუახევი და ხულო სხვადასხვა მიმართულებით და იქნებ ეს პრობლემები მოაგვაროთ“, – ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება ადგილობრივ თვითმმართველობებზე იმიტომ, რომ დეპუტატის მოსაზრებით, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ინფორმაცია არ მოდის და შესაბამისად, ხელისუფლებასაც რეაგირება არ აქვს.
„რატომ ვერ ხდება ბათუმიდან ხულომდე გზის გაკეთება? ერთი კომპანია მოდის, გაკოტრდება და მიდის. ამაზე ვინმე პასუხს რატომ არ ითხოვ? რატომ ხდება ასე, რომ ფული იხარჯება და პრაქტიკულად არაფერი კეთდება? იქნება ამაზეც გაამახვილოს ყურადღება მმართველმა გუნდმა იმიტომ, რომ სხვანაირად ამ მოსახლეობას ვერ ეშველება“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.