ლევან მურუსიძე: სოსო გოგაშვილისგან მივიღე წერილი, თუ არ დავეხმარებოდი, მე და მიხეილ ჩინჩალაძეს რაღაცებს დაგვაბრალებდა

„ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ვინაიდან იმ ადამიანზე უნდა ვისაუბრო, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა, სუს-ის გამოყენებით, კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლა. ბატონი სოსოს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.”- ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხდა.

“შესაბამისად, როდესაც დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, სავარაუდოდ, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან დახმარება არ იქნებოდა, ანუ არ იქნებოდა გამოშვებული, გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს და სასამართლო სისტემას და ზოგადად, ვთქვათ მე და მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. ისეთ რაღაცებს დაგვაბრალებდა, რაც წარმოუდგენელი იყო და მაქსიმალურად მოახდენდა სასამართლოს დისკრედიტაციას. შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც თქვენ ყველამ იცით – რომ, თითქოს, მიხეილ ჩინჩალაძე, სუს-ის დახმარებით, მოსამართლე ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მესამედ მოხდა ჩემზე შეტყობინება და, ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ „ხომ ხედავ, რომ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია? თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, აღნიშნული დისკრედიტაცია გაგრძელდება და არნახულ მასშტაბებს მიიღებს. შესაბამისად, მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომ სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება. რეაგირებას ვაპირებ, რომ ჩემი მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მივმართო პროკურატურას.

ბატონ ბესოს, რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, სამჯერ აქვს ინტერვიუ მიცემული. ორი ინტერვიუ მიცემულია, ვიდრე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება იქნებოდა. ერთ წერილობით განცხადებად აქვს დაწერილი, რომ როდესაც ბატონი ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ მიშა ჩინჩალაძე მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს, სამმა მოსამართლემ, წერილობითი განცხადებით, მათ შორის ბესო ალავიძემ, თქვა, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. როდესაც „რუსთავი 2-ის“ საქმე დამთავრდა, ასევე აქვს ინტერვიუ მიცემული და აცხადებს, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. სამსახურიდან, ვადის ამოწურვიდან ერთი წლის შემდეგ, როგორც თვითონ აცხადებს, მოხდა რაღაც გარკვეული შეხვედრები, ვთქვათ, არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ წრეებთან და შემდგომ თქვა, რომ მასზე იყო განხორციელებული ზეწოლა. რატომღაც, ეს აიტაცეს პოლიტიკურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. არ შეხედეს იმას, რომ თავის დროზე, ბესო ალავიძეს სამჯერ ჰქონდა უარყოფილი აღნიშნული ფაქტი და შესაბამისად, მიმართეს პროკურატურას გამოძიებისთვის და დაიწყეს (საუბარი), რომ ამაზე საჭიროა რეაგირება. ზუსტად ამას მოჰყვა ბატონი სოსო გოგაშვილის წერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აბსოლუტურად უფაქტო, სასამართლოს მადისკრედიტირებელ საქმეებზე გააკეთა ასეთი განცხადება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.