გერმანიის პოლიციამ ბავარიაში რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ტბისპირა სახლსა და სხვა საკუთრებაში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ჩხრეკა სანქციების სავარაუდო დარღვევისა და ფულის გათეთრების საქმეების გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში უსმანოვის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ჩხრეკა რუსი ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება, რომელიც ეჭვმიტანილია 2017-2022 წლებში, რამდენიმე ტრანზაქციის წარმომავლობის დასამალად, საკუთარი კომპანიებისა და კორპორაციების ფართო და რთული ქსელის გამოყენებაში. ტრანზაქციების შედეგად, მრავალმილიონიანი თანხის გადარიცხვა მოხდა.
69 წლის ალიშერ უსმანოვი ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემდეგ შეიყვანა. „ფორბსის“ შეფასებით, რუსი ოლიგარქის ქონება 14,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.