ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი აქტიურობის, არანაირი შეხება არ მქონია კეზერაშვილთან, არც ვაპირებ. თუ ვინმემ დააპირა და შემდეგ იმედგაცრუებულია, ეს თავის თავს დააბრალოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
დავით უსუფაშვილის თქმით, არის ხალხი, ვისთან ურთიერთობასაც საზოგადოებისთვის სასარგებლო ურთიერთობად არ მიიჩნევდა.
„ბედნიერი ვარ, რადგან არის ხალხი, ვისთან ურთიერთობასაც არც ერთ ეტაპზე არ მივიჩნევდი საზოგადოებისთვის სასარგებლო ურთიერთობად. არიან ასეთი ადამიანები თავიანთი ხედვიდან, პოლიტიკური, თანამდებობრივი თუ ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არ შეესაბამებიან ჩემს წარმოდგენებს იმაზე, როგორი უნდა იყო გინდ პოლიტიკოსი, გინდ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკას ეხმარები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.