ირანის პრეზიდენტი ე. რაისი „სი-ენ-ენთან“ დაგეგმილ ინტერვიუზე ნიუ-იორკში არ მივიდა, იმ მიზეზით, რომ წამყვან ქალს თავსაბურავის გაკეთება არ სურდა.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ წამყვანთან, კრისტინ ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა. ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ და თავად ამანპური ავრცელებენ.
ამანპურს ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა. ამანპური 40 წუთის მანძილზე იცდიდა ცარიელ ოთახში, შემდეგ მასთან ირანის აპრეზიდენტის თანაშემწე მივიდა და წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა. ამანპურმა ამაზე უარი განაცხადა.
ასე 40 წუთზე მეტ ხანს “დააყუდა” ირანის პრეზიდენტმა გლობალისტური ტელევიზიის ჟურნალისტი ქალი, რომელიც თავისი საქციელით უპატივცემულობას გამოხატავდა მუსლიმანური და ირანული ტრადიციის მიმართ, ინტერვიუ კი ჩაიშალა.
კრისტინ ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. წამყვანის თქმით, ის ყოველთვის იკეთებს თავსაბურავს, როცა ირანში მუშაობს, რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია. ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავშალის გაკეთებას არ აპირებს.
„აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, ირანის არც ერთ პრეზიდენტს და 1995 წლის შემდეგ ყველა მათგანთან მქონია ინტერვიუ, არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ძალიან ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი, „სიენენის“ და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა“ – განაცხადა ამანპურმა.
ამანპურის თქმით, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ მას მკაფიოდ უთხრა, რომ ირანის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ ამერიკულ მიწაზე ისე ვერ ჩაივლიდა, თუ წამყვანს თავშალი არ ექნებოდა. ქრისტიან ამანპური ირანის პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა საუბარს.
შეგახსენებთ, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციებია. აქციის მონაწილეები 22 წლის ეროვნებით ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, მაჰსა ამინს გული წაუვიდა. როგორც მედია წერს, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციამ ირანელი ქალი ხელკეტებით თავში სცემა. პოლიციამ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება არასათანადო მოპყრობის შესახებ და რომ მას გულის პრობლემა ჰქონდა. მაჰსა ამინის ოჯახი პოლიციის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
მაჰსა ამინის სიკვდილმა ბევრი ირანელი განარისხა და პირველი საპროტესტო აქცია მისი დაკრძალვის შემდეგ გაიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იხსნიან ქალები თავსაბურავს და დემონსტრაციულად იჭრიან თმებს. „სიკვდილი დიქტატორს“ – ყვიროდნენ აქციის მონაწილეები ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.