“ოპოზიცია დარწმუნებით აცხადებს – თუ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსების შემოსვლა, ე.ი. პუტინმა მოითხოვა და თუ არ შეზღუდა, მაშინ ესეც პუტინის შეკვეთილი იქნებაო”

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი თაობის დისიდენტებს აზრადაც არ მოსვლიათ რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ ყველანი ერთად, საბჭოეთში მცხოვრები დისიდენტები (მათ შორის რუსები), ვებრძოდით რეჟიმს და არა რუს ერს, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძე თავის პოსტში ასევე აღნიშნავს, მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ომს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები, რასთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები ჟღერდება.

მისი თქმით, ყველასათვის კარის ჩაკეტვა არ იქნებოდა ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ჰუმანური გადაწყვეტილება. თუმცა, აქვე დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილთა მოზღვავებულმა რაოდენობამ ჩვენი პატარა ქვეყნისათვის სახიფათო მასშტაბები მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეეძლება ყველასათვის კარის გაღება.

„რატომ არის ოპოზიცია ფსკერზე? პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას ბევრი გაექცა რუსეთიდან, ნაწილი ჩვენკენ წამოვიდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან თუ აეროპორტში იგრძნობა მათი სიმრავლე. სადისკუსიო საგნად იქცა, მივიღოთ თუ არა ომს გამოქცეული რუსები. ატყდა ერთი ამბავი – თუ ეს პუტინს დააზიანებს, უნდა მივიღოთ, თუ არ დააზიანებს, არ უნდა მივიღოთ.

ყოველდღიურად ტელევიზორებიდან გვამუნათებენ ჭკუის დამრიგებელი „პოლიტიკოსები“ ან ე.წ. ცნობადი სახეები, რომლებიც თითქოსდა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე „გვიხსნიან“, რატომ არ უნდა შემოუშვათ დეზერტირი (ასე დაერქვა რუსეთიდან სტიქიურ მიგრაციას) რუსები საქართველოში.

სინამდვილეში მათ ისევ ის აწუხებთ, კარგია თუ ცუდი ეს კონკრეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენა სხვა ქვეყნისთვის (აშშ-ისთვის, რუსეთისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის). ისინი არც მსჯელობენ და არც ფიქრობენ, სასარგებლოა თუ საზიანო ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ ამ კონკრეტული პრობლემის (ომს გამოქცეული მრავალი ათასი რუსის საქართველოში შემოსვლის) შეფასებისას პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამოვალთ, დავინახავთ, რომ ისევე როგორც ყველა საქმეში, რადიკალური მიდგომა აქაც ქვეყნისთვის საზიანოა.

ყველასათვის კარის ჩაკეტვა არ იქნებოდა ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ჰუმანური გადაწყვეტილება.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოზღვავებულმა, ლტოლვილთა რაოდენობამ ჩვენი პატარა ქვეყნისათვის სახიფათო მასშტაბები მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეეძლება ყველასათვის კარის გაღება.

ეს თითქოს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა დიდი სიბრძნეც ეგ არისო, მაგრამ ჭკუის დამრიგებელთა არასწორი აზროვნება გვაიძულებს შევაფასოთ და მიუთითოთ ელემენტარულზე, პოზიციების დაფიქსირებისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ღირებულებებისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებით (რა ურჩევნია აშშ-ს ან რა დააზიანებს პუტინს).

ჯანსაღი საზოგადოებისთვის ქსენოფობიური მოტივებით ხელმძღვანელობა მიუღებელი და გაუმართლებელია, ანუ რადგან რუსია, ის ცუდი ადამიანია და მისი დახმარება არაპატრიოტული საქციელია.

მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი მოკავშირეები არ ეომებოდნენ გერმანელ ერს, პირიქით, იფარებდნენ ფაშისტებიდან გაქცეულებს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ერების (ებრაელების და სლავების) წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ფაშისტური მოვლენაა.

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი თაობის დისიდენტებს აზრადაც არ მოსვლიათ რუსების წინააღმდეგ ბრძოლა,-ვინაიდან ჩვენ ყველანი ერთად, საბჭოეთში მცხოვრები დისიდენტები (მათ შორის რუსები), ვებრძოდით რეჟიმს და არა რუს ერს.

ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ჩვენს პოლიტიკანებს არ აინტერესებთ, რადგან მათი აზროვნება, ისევე როგორც ქმედება, სხვა ქვენა გრძნობებითაა ნაკარნახევი.

მოცემულობაა ისიც, რომ ოპოზიციად წოდებული კრიმინალები, ყველაფერს პოლიტიკური დივიდენდების მიღების პრიზმაში ატარებენ. მაგალითად, როდესაც დღეის მდგომარეობით უცნობია, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება რუს მიგრანტთა მიმართ, პირდაპირ არაფერს ურჩევენ, მაგრამ სამაგიეროდ, დარწმუნებით აცხადებენ: თუ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსების შემოსვლა, ე. ი. პუტინმა მოითხოვა და თუ არ შეზღუდა, მაშინ ესეც პუტინის შეკვეთილი იქნებაო.

პუტინის ნებართვის გარეშე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებსო.

აი, ასეთი აბსურდული, პრიმიტიული და გონებაშეზღუდული აზროვნების გამო არის ჩვენი “მედასავლეთე“ ოპოზიცია ფსკერზე”- წერს ნანა კაკაბაძე.