სალომე სამადაშვილი – სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს, ხან წააგებს, დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს და ხან წააგებს, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება – ამის შესახებ „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მოგებული პროცესით არ უნდა შემოვიფარგლოთ.
– “სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხან მოიგებს და ხან წააგებს. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან ბევრი წაგებული საქმე ელოდება ამ ხელისუფლებას. მათ შორის, პირველ რიგში, მაგალითად, ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც ელოდება ბოლო ინსტანციის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, რომ გადაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში. ასე რომ, ერთი მოგებული პროცესით ნუ შემოვიფარგლებით. „ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემას რომ არ აქვს საერთაშორისო ნდობა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ეს ვიცით, მათ შორის იმიტომ, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო დახმარება ევროკავშირისგან სასამართლო რეფორმის არარსებობის პირობებში და მთავარი მოთხოვნა არის სასამართლო რეფორმის სისტემა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში დემონსტრაციისას პარლამენტის შესასვლელების სრული ბლოკირება და პოლიციის ძალისხმევის შეფერხება შეიძლება, შეფასდეს დასაგმობ საქციელად. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მათში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა პოლიციის მცდელობისას, გაეხსნა გასასვლელი პარლამენტის შენობისკენ.
ამასთან, რაც შეეხება კიდევ ერთ მოსარჩელეს, კაჭარავას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
წყარო: 1tv.ge