ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს გახსნიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი საზღვართან უახლოეს მომავალში გაიხსნება — გადაწყვეტილება ზემო ლარსის საგუშაგოზე გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ იმუშავებს სამობილიზაციო პუნქტი და რომელი რეგიონის მოსახლეობას დაურიგებენ გაწვევის ბარათებს.
რუსულ მხარეს არც ის განუმარტავს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მობილიზებულ პირებს საზღვარზე არ გაუშვებენ.

ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საცობების ასარიდებლად, საზღვრის კვეთის უფლება ქვეითებისთვისაც მიეცათ – აქამდე ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით იყო შესაძლებელი.

დღეს კიდევ გავრცელდა ვიდეო, რომელიც საზღვრისკენ რუსული ტექნიკის გადაადგილებას ასახავს, სავარაუდოდ, ამ შტაბის გასახსნელად.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს.

ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღე დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მობილიზებული რუსი კაცები მანქანებს ტოვებენ, ფეხით და ველოსიპედით მიდიან საზღვრამდე.

გუშინ ადგილზე სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა — იყო მოსაზრება, რომ საზღვრის ჩასაკეტად ან ბლოკ-პოსტის მოსაწყობად, მაგრამ FSB ამტკიცებდა, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად და საზღვარზე უკანონო გარღვევის ასაცილებალად მივიდნენ.