ამდენი წლის განმავლობაში არათუ დავუახლოვდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, არამედ კიდევ უფრო ვშორდებით, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე ეს ტკივილი. მე მახსოვს, ჩემი უმცროსი შვილი ჯერ კიდევ არ მყავდა, ველოდებოდი, როდესაც სოხუმის დაცემის დღეები იყო და დღეს ის უკვე 29 წლის არის. ანუ, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში არათუ არ დავუახლოვდით აფხაზეთის და სამაჩობლოს დაბრუნებას, არამედ კიდევ უფრო ვშორდებით. ძალიან სერიოზული კითხვაა ყველა ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით ამ ბოლო ხელისუფლების მიმართ, რომელიც თავს იწონებს, რომ თურმე რა გადასარევადაა ყველაფერი. მე ვკითხულობ – რა გაკეთდა ამ 10 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩატეხილი ხიდის აღდგენა დაწყებულიყო,” – თქვა ბურჯანაძემ.
გადაცემის წამყვანის დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, რომ რომელიმე ათ წელში გაუკეთებია რამე რომელიმე ხელისუფლებას? – პასუხობს, რომ ამიტომ თქვა ყველა ხელისუფლება.
“ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, რომელიც ხვალინდელ დღეს განაპირობებს, ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტად უნდა მოვთხოვოთ. ამ 10 წლის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ნაბიჯით მაინც დავუახლოვდით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას?!” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.