იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შეთანხმების გასაფორმებლად.
რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ბრიუს შვარცს აშშ-ის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისათვის. თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მინისტრმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართულ-ამერიკული სამართლებრივი ფორუმის გამართვის შესაძლებლობა.
„მოხარულები ვართ ბატონ შვარცთან შეხვედრით იუსტიციის სამინისტროში. მიმოვიხილეთ ჩვენს უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული წარმატებული მაგალითები. ასევე, განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომელთა განხორციელებითაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამართლის სფეროში ახალ, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება აყვანილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.