გერმანიის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი: “ერდოღანი კანალიზაციის ვირთხაა”

ვოლფგანგ კუბიკიმ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა და, ამავე დროს, ვიცეპრეზიდენტმა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს “კანალიზაციის ვირთხა” უწოდა. მედიის ცნობით, ეს მოხდა ქალაქ ჰილდესჰაიმში, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე.

თავისუფალი დემოკრატების პარტიის ერთ-ერთმა ბურჯმა კუბიკიმ ასეთი შედარება გააკეთა რეჯეფ ერდოღანის მიერ გატარებულ ლტოლვილთა პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ამ შედარებამ თურქეთის ოფიციოზის აღშფოთება გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის გამოსახატად, გერმანიის ელჩი დაიბარა.

გერმანიის პრესის სააგენტოს კითხვაზე, FDP-ის პოლიტიკოსმა სამშაბათს თქვა: „ქვემო საქსონიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მცირე შენიშვნა გავაკეთე და ბატონ ერდოღანს ვუწოდე „პატარა კანალიზაციის ვირთხა“. კანალიზაციის ვირთხა არის პატარა, საყვარელი, მაგრამ ჭკვიანი და მზაკვრული არსება, რის გამოც ის არის საბავშვო ისტორიების გმირი  (“Kalle Kanalratte”, “Ratatouille”)”.

გერმანელ პოლიტიკოსს არ მოსწონს ერდოღანის პოლიტიკა, რომელმაც შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან ლტოლვილების რაოდენობის შემცირების შესახებ, რაც თურქეთისთვის მომგებიანი იყო. „მიუხედავად ამისა, უნდა დავინახოთ, რომ ბალკანეთის მარშრუტით ლტოლვილთა ტალღა კვლავ იზრდება, რაც ახალ გამოწვევებს უქმნის გერმანიის საგარეო და საშინაო პოლიტიკას“, – განაცხადა ვოლფგანგ კუბიკიმ.