„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლუკაშენკოს ვიზიტი პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია.
„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.