მიხეილ სარჯველაძე: პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც – ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ჩასვლა აუცილებელი იყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროტესტის გამოხატვისთვის ლარსის გამშვებ პუნქტთან მისვლა აუცილებელი არ იყო.

მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური პერფორმანსი არარელევანტურია.

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც. არ მგონია, პოლიტიკური პერფორმანსი აქ რელევანტურია. თუ ვინმეს ასეთი სათქმელი აქვს, ამის გაკეთება და ხმის მიწვდენაც შეუძლია ყველასთვის, ვისაც ამის გაგონების სურვილი შეიძლება, ჰქონდეს. არ მგონია, რომ ამისთვის ლარსზე ჩასვლა აუცილებელი იყო. თუ სურვილი აქვთ, ჩავიდნენ, რა გავაკეთო?“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზეც, რომ გვირაბის იქით გადაადგილება შეზღუდული იყო და აქციის მონაწილეებს გადასვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

მისი თქმით, აქციის ჩატარებას კონკრეტული რეგლამენტი აქვს.

„აქციის ჩატარების უფლება რომ არ მისცეს, ეს სხვა მიზეზის გამო იქნებოდა. შეიძლება, უსაფრთხოების მოტივი არსებობდეს. იცით, რომ აქციის ჩატარებას კონკრეტული რეგლამენტი აქვს, მათ შორის, როცა გადაადგილებას შეიძლება, უშლიდეს, ეს ლეგიტიმურია და ყველა სახელმწიფოში ასეა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.