“ნორდ სტრიმზე” განხორციელებული, იდუმალებით მოცული საბოტაჟი! – რა მოხდა?

დანიის ხელისუფლების ცნობით, სულ სამი გაჟონვა იქნა აღმოჩენილი ბალტიის ზღვის ორ მილსადენზე Nord Stream 1 და 2. როგორც ჩანს, ხაზები ძლიერ დაზიანებულია. მიზეზის ძებნა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს. არსებობს წყალქვეშა დეტონაციების მტკიცებულებები.

რუსეთმა “უკიდურესი შეშფოთება” გამოხატა. გერმანიის მეკლენბურგ-პომერანიის მხარის პრემიერმინისტრი შვეზიგი კი, რომლის მხარეც ყველაზე მეტად დაზარალდა “ნორდ სტრიმის” გაჩერებისგან, მოითხოვს ამომწურავ განმარტებებს.

ორი გაჟონვაა Nord Stream 1-ზე, კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთი კი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით ახალ Nord Stream 2 ხაზზე, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის ორგანომ სამშაბათს. Nord Stream 1-ის შემთხვევაში, ერთი გაჟონვა არის დანიის, ხოლო მეორე შვედეთის წყლებში, ხოლო Nord Stream 2-ის შემთხვევაში – დანიის.

იმის გამო, რომ არც ერთი ბუნებრივი აირის მილსადენი არ ფუნქციონირებს, ინციდენტები ამჟამად არ იმოქმედებს ევროპის ენერგომომარაგებაზე. დანიასა და შვედეთში კრიზისული გუნდები შეიკრიბნენ. გაჟონვის გამო, დანიის გადაზიდვის პასუხისმგებელმა ორგანომ დანიის კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად ნაოსნობისთვის შეზღუდული ზონები შექმნა.

გაჟონვამდე, მილსადენ “ნორდსტრიმ 2”-ში 103 ბარის წნევის ბუნებრივი აირი იყო დაგროვილი – ეს მოხდა ჯერ კიდევ აუმუშავებელი მილსადენის დასატესტად, თვეების წინ.

“ეს მართლაც დიდი ხვრელია”

როგორც ითქვა, გაზის გაჟონვა მოხდა ბორნჰოლმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, 200 მეტრისა და ერთი კილომეტრის დიამეტრის ბუშტუკოვანი ხალიჩები ჩამოყალიბდა გაჟონვის ადგილზე.

„ნამდვილად, ნამდვილად ბევრი გაზი მიედინება Nord Stream 2-ის გაჟონვისგან“, – თქვა სამშაბათს გაზეთ „Berlingske“-ს დანიის ენერგეტიკული ორგანოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ბიოტცავმა. “ეს ნიშნავს, რომ წყალი უკიდურესად მღელვარეა. ამ რაოდენობის გაზის გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება იყოს პატარა ბზარი მილსადენში. ეს მართლაც დიდი ხვრელია”.

წნევის ვარდნა გამოვლინდა სამ მილში
ორშაბათს ღამით წნევის მკვეთრი ვარდნა თავდაპირველად გამოუყენებელი Nord Stream 2-ის მილსადენის ორ მილიდან ერთ-ერთში დაფიქსირდა. ორშაბათს საღამოს ოპერატორმა ასევე გაავრცელა ცნობა წნევის ვარდნის შესახებ Nord Stream 1-ის ორივე მილში. ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალურმა სამინისტრომ (BMWK) და ფედერალური ქსელის სააგენტომ ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი კონტაქტში იყვნენ ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან.  თუმცა მიზეზების გამორკვევა გართულდა: „ამჟამად ჩვენ არ ვიცით წნევის ვარდნის მიზეზები“, – ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში. Nord Stream 2-ის წარმომადგენლის თქმით, ბუნებრივი აირის გამოდინება მილებიდან, ბალტიის ზღვაში, კიდევ არაერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შვეზიგი: “ინციდენტი სრულად უნდა დაზუსტდეს”
შტრალზუნდის სამთო ორგანოს ინფორმაციით, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიაში ტექნიკურ უსაფრთხოებაზე, მილებში წნევის დაცემის დონე დამოკიდებულია წყლის სიღრმეზე.

„მოვლენის ადგილზე, Nord Stream 2-ის ხაზი 70.1 მეტრის სიღრმეზეა, ძირითადში კი, “ნორდსტრიმი” დაახლოებით 88 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს“, – ნათქვამია ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში და ეკოლოგიისთვის არსებით ზიანს არ მოელის. თუმცა სამთო უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია დაზიანების შესაძლო მიზეზსა და მოცულობაზე. ამიტომ, მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის პრემიერ-მინისტრმა მანუელა შვეზიგმა (SPD) განაცხადა, რომ ფედერალური მხარის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია მიმდინარე განვითარებით. ინციდენტები სრულად უნდა დაზუსტდეს. “ეს არის დანიის და ფედერალური მთავრობის პასუხისმგებლობა.” – აღნიშნა მან.

Nord Stream-ის წარმომადგენლის თქმით, ხაზები ისეა გაყვანილი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე ხაზი დაზიანდეს ერთდროულად, მაგალითად, ერთი გემის ავარიის შედეგად. მილსადენების დამტკიცების პროცესში სხვათა შორის, გათვლილი იყო ისეთი უბედური შემთხვევებიც, როგორებიცაა გემის ღუზით გამოწვეული ავარია. შესაბამისად, ასეთი ზარალის წარმოშობა, რომელიც დღეს არის მოცემული, თეორიულად 100 მილიონ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. როგორც დანიური გაზეთი “Jyllands-Posten” დანიის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ Nord Stream 2-ზე გაჟონვა დანიურმა F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს. ისინი ბორნჰოლმიდან აფრინდნენ, ჰაერიდან ტერიტორიის გადასაღებად და სწორედ მაშინ, წყლიდან ამომავალი ბუშტები შეამჩნიეს.

როგორც ამბობენ, მიზეზის პოვნა რთულია
Nord Stream-ის ცნობით, მიზეზის კვლევა ძალიან რთულია Nord Stream 2 AG-ისთვის. სანქციების გამო, პერსონალი დათხოვილია და თანხები გაყინულია. ლუბმინში, სადაც მილსადენი უერთდება გერმანიას, არ არის Nord Stream 2 AG-ის პერსონალი.

კრემლის სპიკერი: “უპრეცედენტო სიტუაციაა”

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, გაზის გაჟონვა გამოწვეულია დივერსიით.

”ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა იქ, მაგრამ ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ იყო დივერსიული აქტი”, – თქვა მორავიეცკიმ სამშაბათს გოლენიოვში, შჩეცინთან,  სადაც ის დაესწრო ბალტიის მილების გაზსადენის გახსნას.

ეს დივერსიული აქტი არის “ალბათ ესკალაციის შემდეგი დონე, რომლებთანაც საქმე გვაქვს უკრაინაში”.

„ახლა არც ერთი ვარიანტი არ არის გამორიცხული“, – თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კითხვაზე, შეიძლება თუ არა მილებში წნევის ვარდნის მიზეზი იყოს დივერსია.  „ეს არის უპრეცედენტო ვითარება, რომელიც საჭიროებს სასწრაფო გამოძიებას” – აღნიშნა მან.

გერმანული უშიშროების წრეების თვალსაზრისითაც საბოტაჟზე ბევრი რამ მიუთითებს. თუ ეს იყო თავდასხმა, ამას მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო თუ შეძლებდა, კერძო სუბიექტისთვის ეს წარმოუდგენელია. – ასეთი კომენტარი გაკეთდა სამშაბათს გერმანიის უშიშროების წყაროების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის მიწოდება ამჟამად არც ერთი მილსადენით არ ხდება, გაურკვევლობის გამო გაზის ფასი გაიზარდა.

დანია: დამთხვევა ძნელი წარმოსადგენია – ავარიის ადგილზე მიწისძვრა დაფიქსირდა

სამი გაჟონვა ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზეა, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დამთხვევაა – განაცხადა პოლონეთში, ბალტიის გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასულმა დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. პორტალ volcanodiscovery.com-ის ცნობით, ორშაბათს 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ზუსტად ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით წერტილში, სადაც სამი გაჟონვის ადგილი დაფიქსირდა.

ეჭვს გარეშეა, რომ ეს არის აფეთქებები, – განუცხადა სამშაბათს შვედურ რადიოსადგურ SVT-ს სეისმოლოგმა ბიორნ ლუნდმა შვედეთის სეისმოლოგიური ქსელიდან (SNSN). ორშაბათს ტერიტორიაზე ორი აშკარა აფეთქება მოხდა, იტყობინება მაუწყებელი ქსელზე დაყრდნობით – ერთი დილის 2:03 საათზე და მეორე საღამოს 19:04 საათზე.

მომსახურეობაში არაა, მაგრამ ჯერჯერობით გაზით არის სავსე
Nord Stream -ის მილსადენის ორმაგი ჯაჭვი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე 1230 კილომეტრზე გადის. დასრულებულია და აქამდე ივსება გაზით, მაგრამ ბუნებრივი აირის იმპორტი არასდროს მომხდარა. ფედერალურმა მთავრობამ დამტკიცების პროცესი შეაჩერა თებერვალში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაში შესვლა გამორიცხული იყო.

გარემოსდაცვითი დახმარება: გაჟონვა არ ემუქრება საზღვაო გარემოს
გერმანული გარემოსდაცვითი დახმარების (DUH) თანახმად, გაზსადენში გაჟონვა მცირე გავლენას მოახდენს ბალტიის ზღვის ბუნებრივ გარემოზე. ბუნებრივი აირი არის მეთანი, რომელიც ნაწილობრივ იხსნება წყალში და არ არის ტოქსიკური, თქვა DUH-ის წარმომადგენელმა. რაც უფრო დიდია წყლის სიღრმე, რომელშიც გაზი გამოიყოფა, მით მეტია წყალში გახსნილი გაზის პროპორცია.

წყარო:

NDR.de