პაატა მანჯგალაძე – არჩევნების სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა არის პოლიტიკური ნების საკითხი, თუ ხელისუფლებას უნდა, ამის გაკეთება რთული არ არის

ელექტრონული არჩევნების სისტემა თუ შეგიძლია, გააკეთო 70%-ში, შეგიძლია, გააკეთო 100%-შიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნუ მოვატყუებთ ნურავის, არანაირ დროსთან დაკავშირებული არ არის ეს, თუ შეგიძლია, 70%-ში გააკეთო, შეგიძლია, გააკეთო 100%-შიც. თუ ლაპარაკია პატარა, 15 და 20-კაციან უბნებზე, ეს არ არის არსებითი საკითხი და აქაც შესაძლებელია, რომ გავაკეთოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ძველი პირადობის მოწმობები არის რისკის ზონა.

„2016 წელს და უფრო ადრეც, იყო ფაქტები, როცა უბრალოდ, შეგიძლია, ფერად ქსეროქსზე გადაიღო, გაუკეთო ლამინირება და არის ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა. ეს იმდენად დაუცველი სისტემაა, რომ ეს არის რისკის ზონა და ამიტომ, იდენტიფიცირება აუცილებლად უნდა მოხდეს ID ბარათით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ამ სისტემით არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ID ბარათები არ აქვთ, ხელახლა არ მივლენ არჩევნებზე.

„ამიტომ, ცვლილება უნდა შევიდეს და უნდა ვთქვათ, რომ მომდევნო არჩევნებზე, რიგგარეშე იქნება ეს თუ ვადიანი, ხმის მიცემა მხოლოდ ID ბარათით და პასპორტით შეიძლებოდეს. განვუსაზღვროთ ვადა ადამიანებს, უფასო იყოს ID ბარათის აღება და ეს გავაკეთოთ. ეს არის საქმიანი მიდგომა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ ემიგრანტებისთვის უნდა იყოს წინასწარი რეგისტრაცია, თუ კონკრეტულ ქალაქში 50, ან მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, უბანი უნდა გაიხსნას.

„არჩევნები არის ძვირი სიამოვნება. უბრალოდ, არასწორია, რომ ფინანსური მოტივით არ მივცეთ ხმის მიცემის საშუალება ქართველებს, რომლებიც აქ მძიმე ყოფის გამო გარბიან ქვეყნიდან. არგუმენტი აქვთ ერთი, რომ ამას თუ გავაკეთებთ ონლაინ, ხაკერული თავდასხმა იქნება და სისტემას ვერ ვენდობითო. აი, ეს არის ხელისუფლების არგუმენტი, სხვა არგუმენტი არ აქვთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა არის პოლიტიკური ნების საკითხი, თუ ხელისუფლებას უნდა, ამის გაკეთება რთული არ არის.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდეც, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, არჩევნების მოახლოებისას სოციალური პაკეტების გაზრდით, არადეკლარირებული შავი ფულის გამოყენებით და ა.შ.

„ამიტომ, არ უნდა შევქმნათ ილუზია, თითქოს, ელექტრონულ სისტემაზე გადავალთ 70%-ით და საქართველოში არჩევნები არ გაყალბდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, რამდენად აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცვლილებების მისაღებად ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად, საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა.შ. პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა „ქართულმა ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო პარტიამ ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგა.

„ჩვენ ასეთი ნაბიჯი გადავდგით ამ ე.წ. მიშელის დოკუმენტზე და „ქართულმა ოცნებამ“ ორ თვეში თქვა, მიშელის დოკუმენტის ფასი არის იმ ქაღალდის ფასი, რასაც ხელი მოაწერა ბატონმა მიშელმაო. ნდობა არ გვაქვს და ბუნებრივია, რომ არ გვაქვს ნდობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.