ირაკლი კობახიძე: „გაივსო რუსებით“ – ეს სპეკულაციაა, საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია

„გაივსო რუსებით“ – ეს სპეკულაციაა. მარტივი სტატისტიკაა, რომელიც მანიპულაციას არ ექვემდებარება. საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უმრავლესობა ქართველია. ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა. ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება მაქსიმუმ 20 ათასი კაცი იყოს. საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია. ცარიელი სპეკულაციაა“ – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა

მისივე თქმით, ოპოზიციამ სამჯერ სცადა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კამპანიის აგორება და მღელვარების გამოწვევა, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა“.

„3-ჯერ სცადეს კამპანია აეგორებინათ და საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ. ჯერ მარტში ამბობდნენ, რუსებმა თურმე წალეკეს საქართველო – აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა; შემდეგ აგვისტოში აწიეს კამპანია, როდესაც გახურებული ტურისტული სეზონი იყო – იქაც აღმოჩნდა რომ არაფერი; ახლა მესამე კამპანია აწიეს და ეს ყველაფერიც რამდენიმე დღეში დასრულდება. მობილიზაციის პროცესი რუსეთში სრულდება და თვითონ გახსნეს ლარსთან და ჩრდილო ოსეთში მობილიზაციის პუნქტები. რამდენიმედღიანი თემაა და ჩაიფუშება. ცდილობენ, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, ხელისუფლების გაკრიტიკებისთვის საბაბი მოძებნონ. სინამდვილეში არც მარტში იყო არავითარი პრობლემა და დადასტურდა 6 თვის თავზე, არც აგვისტოში იყო არავითარი პრობლემა და 2 თვეში დადასტურდა. დღესაც არაა არავითარი პრობლემა. ყველა სახელმწიფო უწყებას ვითარებაზე სრული კონტროლი აქვს. სტატისტიკაც კონტროლდება და საზღვარზეც მიმდინარეობს ინდივიდუალური კონტროლი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, რუსეთში მცხოვრები ქართველების საკითხიც გასათვალისწინებელია და თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება, ეს შეზღუდავს როგორც ქართველ, ისე არაქართველ მოქალაქეებს.

„კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი – რუსეთში მცხოვრები ქართველები. მათი რაოდენობა სტატისტიკური მონაცემებით 800 ათასია. არიან ქართველები, რომლებსაც უნდათ სამშობლოში დაბრუნება. მათთვის საზღვრების ჩაკეტვა რამდენად სწორია, საზოგადოებამ იმსჯელოს. ოპოზიცია მათივე შემოღებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. თუ გააუქმებ უვიზო რეჟიმს, ერთნაირი შეზღუდვა უწესდება როგორც ქართველს, ისე არაქართველს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.