ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად სომხეთის ტერიტორიაზე დღეს მოკლულია სამი სომეხი სამხედრო. ეს არის თავდასხმა სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის ინტერვენცია უნდა დაიგმოს და შეჩერდეს. აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების გაყვანა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსება აზერბაიჯანის ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ სომხურ ტერიტორიებზე და მოსაზღვრე რაიონებში აბსოლუტურად აუცილებელია“, – წერს ფაშინიანი.

გასულ ღამეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირებისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთ-აზერბაიანის საზღვრის მიმდებარე რაიონებში საერთაშორისო მისიის განთავსებაზე ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისასაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.