გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ბრიტანეთის მთავარ კომერციულ და ტრანზაქციულ სერვისებზე, ასევე აკრძალავს რუსეთში თითქმის 700 სახის საქონლის ექსპორტს, რომლებიც გადამწყვეტია სერიული წარმოებისთვის.
„გაერთიანებული სამეფო კატეგორიულად გმობს პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის ამ საზიზღარ დარღვევაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა ახალი მიზნობრივი სერვისების აკრძალვით. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.
ამასთან, მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„დავიბარე რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი, რათა მკაცრად გავაპროტესტო პუტინის განცხადება სუვერენული უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ“, – განაცხადა ჯეიმზ კლევერლიმ.