ღარიბაშვილისგან სიმართლის თქმა შეუძლებელია ორი მიზეზის გამო!

გაეროს ტრიბუნიდან ე.წ. მოწინავე კაპიტალისტურმა ქვეყნებმა, თავიანთი მეთაურების პირით ლანძღეს და ლანძღეს რუსეთი უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის, უკრაინელთა გენოციდისთვის, ყველაფერი იმისთვის, რაც რუსეთს არ ჩაუდენია.

არც ერთ მათგანს გაკვრითაც არ უთქვამს, რამ გამოიწვია რუსეთის აგრესიული ნაბიჯი. არც ერთს არ უხსენებია უკრაინული ფაშიზმი, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ისე მოიკიდა ფეხი უკრაინაში, რომ მისი ამოძირკვა ურთულესი პრობლემა იქნება. არც ერთს არ გახსენებია უკრაინის მიერ დონბასის 8-წლიანი შევიწროება, პერმანენტული საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმები, ყველა ის უკუღმართობა, რამაც აიძულა რუსეთი სამხედრო  ნაბიჯის გადადგმაში.

ღარიბაშვილმა თავისი მოხსენების ნაწილი უკრაინის საკითხს მიუძღვნა და სხვათა ნეგატივს, საკუთარიც დაუმატა — არსებული ვითარების გათვალისწინებით და „სტრატეგიული“ პარტნიორების მოწოდების შესრულების მიზნით.

„ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე სხვაგვარ გამოსვლას არვინ ელოდა. სხვაგვარი ნიშნავდა უკრაინისთვის ზურგის შექცევას, თქმას იმისა, რასაც აშკარად იმსახურებს ფაშისტური უკრაინა; თქმას სიმართლისა, მაგრამ ღარიბაშვილისგან სიმართლის თქმა შეუძლებელია ორი მიზეზის გამო. პირველი — ის სრულად თუ არა, ნაწილობრივ დარწმუნებულია უკრაინის სიმართლეში და მეორე — მას ისე არ უყვარს რუსეთი, როგორც ნეონაცისტ უკრაინელებს და თუ მეტნაკლებად, რაღაც პოზიტივს ინარჩუნებს რუსეთთან მიმართებაში, ივანიშვილის რიდითაა გამოწვეული, გარდა ამისა არსებული რეალობით.

არ იქნება რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები და არ იქნება წარმატებული ეკონომიკა. იქნება ქართული წარმოშობის ანტირუსული სანქციები და იქნება საქართველოს ჩამოქცეული ეკონომიკა, როგორიც იყო.

იქნება ანტირუსული მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს მხრიდან დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებისთვის და იქნება თბილისში აფეთქებული რუსული ბომბები, უმძიმესი ეკონომიკურ-მორალური კრიზისი, ხალხის უკიდეგანო აღშფოთება.

სხვათა შორის, ეკონომიკური სანქციებისა და მეორე ფრონტის გახსნის აგიტატორი აშშ-ია და მისი წაქეზებული უკრაინის ხელისუფლება.

აშშ-ს არ აინტერესებს რა მოჰყვება ამ ორი თემის შესრულებას. არც ის აინტერესებს, რომ ომში ჩართვა დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დააბრუნებს, პირიქით, სხვა ტერიტორიების დაკარგვით დასრულდება. აღარაფერს ვამბობ მსხვერპლზე, რასაც უდავოდ ექნება ადგილი.

ღარიბაშვილმა გაუძლო ამერიკულ პრესს, რაც, როგორც „ოცნების“ ხელისუფლების, ისე ქვეყნისთვის შვება და უბედურებისგან თავის დახსნაა, რისთვისაც ის მადლობის ღირსია.

დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი საქართველო თავს უფლებას ვერ მისცემდა არ გაეკრიტიკებინა რუსეთი და მან ეს გააკეთა 2008 წლის ომის გახსენებით. „2008 წელს რუსეთი შემოიჭრა ჩემს ქვეყანაში, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ოკუპაცია“, — თქვა ღარიბაშვილმა, რითაც შეასრულა აუცილებელი პროგრამა — ფიგურულ ციგურაობაში გავრცელებული ტერმინის მსგავსად.

მან სხვაც თქვა, რუსეთის კრიტიკის შემცვლელი.

მისი მიდგომა დაკარგული ტერიტორიებისადმი ისეთივე იყო, როგორც წინათ, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე. არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც არსებული ვითარება გვკარნახობს, რომ არაფერი შეიცვლება. საქართველოს მეთაური ასე ილაპარაკებს გაეროს 2023 წლის 78 სესიაზე, მომდევნო სესიებზეც. ილაპარაკებს, მაგრამ ჩვენს მიერ ღმერთთან გათანაბრებულ „საერთაშორისო საზოგადოებას“ ვერ გამოაფხიზლებს, ვერც გაააქტიურებს საქართველოსთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაში. ვერც გაეროს შეანჯღრევს ამ საქმისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

დავუშვათ, რაღაც პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა — გაითვალისწინებს რუსეთი? ვეჭვობ, ამას ჰქონდეს ადგილი. მაშინ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო?

ძალით, დაკარგულს ის ვერ დაიბრუნებს — შესაბამისი ძალის არ არსებობის გამო. ნატოს მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი სამხედრო პარადების დროს თუ გამოდგება.

დიპლომატიური მოლაპარაკებების გზაც არაფერს მოიტანს, ვინაიდან დავაგვიანეთ. ასეთი, წარმატებას მოიტანდა 2008 წლის ომამდე, ნაკლებად – ომის დამთავრების პირველ წლებში, მაგრამ არა დღეს, როდესაც არაერთმა წელმა განვლო და დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი უსაქართველოდ არსებობას შეეჩვივნენ — დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით.

დამოუკიდებლობის სტატუსიდან საქართველოს შემადგენლობაში თუნდაც ფართო ავტონომიაზე ჩამოქვეითება დიდი ვერაფერი შეღავათია.

ერთადერთი გზა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, სხვა კავშირების ჩამოყალიბება—გაფართოებაა, რის შემდეგაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ნიადაგის მოსინჯვა.

რუსეთის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ადრე — მოილაპარაკეთ აფხაზებთან და ოსებთან. და როდესაც ის გვეტყვის ამას, უნდა ვთხოვოთ შუამავლობა დიალოგის დასაწყებად, იმისთვის, რომ აღვადგინოთ მათთან ყველა სახის ურთიერთობები, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე მათი თხოვნის პასუხად, შევქმნათ ურთიერთნდობის სულისკვეთება, შევეცადოთ ადამიანთა შორის ნორმალური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ ნაყოფის მომტანი.

ურთიერთობის აღდგენის პროცესში სიტყვა არ უნდა დავძრათ პოლიტიკურ საკითხებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე.

მჭიდრო ურთიერთობამ უნდა აფიქრებინოს მათ ერთად ცხოვრების აუცილებლობა.

ვიმეორებ! ყოველივე აღნიშნულის განხორციელებას დრო ესაჭიროება, დიდი მოთმინება და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ისეთი წინსვლა, რითაც ისინი მოიხიბლებიან.

ამ პროცესში დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს ჩართვა ცუდის მეტს არაფერს მოიტანს. ცუდი კი ისეთი იქნება, როგორიც 2008 წლის ომი — აშშ-ს დაკვეთით და წაქეზებით წამოწყებული სააკაშვილისა და მისი ნაცების მიერ.

დროა საქართველოს მოსახლეობამ მოიშოროს კოლექტიური დასავლეთის მიმართ კერპთაყვანისმცემლობა. თავმოყვარე ერს ასეთი ავადმყოფობა არ უნდა სჭირდეს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი