პრეზიდენტმა პუტინმა “უკრაინის” კიდევ ოთხი რეგიონი გამოაცხადა რუსეთის ნაწილად. ეს არის ძალის გამოყენებით ევროპის ტერიტორიის “უმსხვილესი ანექსიის” მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, რეფერენდუმები დაიგეგმა მოსკოვში და ჩატარდა “უკრაინაში” საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით.
„უკრაინის ტერიტორიის 15 პროცენტი, პორტუგალიის ზომის ტერიტორია, უკანონოდ არის მიტაცებული რუსეთის მიერ იარაღის მუქარით. მიწის ეს მიტაცება არის უკანონო და არალეგიტიმური. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა. ეს მიწები უკრაინისაა. დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე როგორც, ყირიმი არის უკრაინა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით, თუმცა ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ომად და არ ცვლის უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ჩვენს მზადყოფნას. ნატო არ არის ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, რაც გაწერილია გაერო-ს წესდებაში. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და მტკიცე, დავიცვათ ნატო-ს თითოეული მოკავშირე და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. პუტინმა განახორციელა ასობით ათასი დამატებითი სამხედროს მობილიზება, ის დაკავებულია ბირთვული იარაღის ჟღარუნით და ახლა მოახდინა დამატებით უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსია. ყველაფერი ერთად, ეს წარმოადგენს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პუტინის ქმედებები არის იმის აღიარება, რომ მან ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და რჩება მტკიცე უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში.
„ეს ყველაფერი არ აჩვენებს სიძლიერეს, ეს აჩვენებს სისუსტეს. ეს არის აღიარება, რომ პუტინმა ტოტალური მარცხი განიცადა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. პუტინს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ომზე და მისი პასუხისმგებლობაა მისი დასრულება, მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულება, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის დასრულება, რომელიც აზარალებს ამდენ ადამიანს მთელ მსოფლიოში. რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ევროპაში. ნატო ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ჩვენ ვრჩებით მტკიცე, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაში, ვიდრე ის აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.