ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა “თავის ტერიტორიებზე” კონტროლი აღადგინოს

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა “თავის ტერიტორიებზე” კონტროლი აღადგინოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ ძალისხმევას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს გაეროს წესდებასა და ყველგან გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით.

„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარყონ ანექსიის უკანონო ძალისხმევა და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მან.

დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხი რეგიონის შეერთებას ხელი მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.