ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერენ ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას, – ამის შესახებ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ედგარს რინკევიჩსმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ურმას რეინსალუმ Twitter-ის პირად გვერდებზე იდენტური მესიჯები გამოაქვეყნეს.
„უკრაინის ბალტიის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატო-ში უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. უკრაინის შთამაგონებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს”, – წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.
შეგახსენებთ, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.