პენტაგონი უკრაინის შეიარაღებისა და ჯარის წვრთნისთვის ერთიანი ახალი სამეთაურო სამსახურის შექმნას გეგმავს, რომელშიც სისტემატიზებული იქნება უკრაინისთვის გაწეული სხვადასხვა სახის დახმარება. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული სამეთაურო პუნქტი გერმანიაში კერძოდ კი ვისბადენში განთავსდება და აქ თავმოყრილი იქნება მოკავშირეებისგან უკრაინისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარება.
ამავდროულად ამგვარი ფორმალიზებული სამსახურის შექმნა უკრაინის დახმარების მიმართ აშშ-ს გრძელვადიან განზარხვაზე მიუთითებს.
სწორედ ვისბადენში მდებარეობს ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ძალების სამხედრო ბაზა. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ბაზაზე გადმოვიდა უკრაინის დახმარების კოორდინაციის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც მანამდე შტუტგარტში ფუნქციონირებდა.
არსებული ცნობებით, ახალ სამსახურში სულ 300 სპეციალისტი იქნება თავმოყრილი, ხოლო პროგრამის ზედამხედველობას ნატოს გაერთიანებული სარდლობის მეთაური, კრის კავოლი გაუწევს.
გაზეთის ინფორმაციით, ვისბადენის ბაზაზე სადაც უკვე მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების წვრთა ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდება.
ომის დაწყებიდან ამ დრომდე აშშ-მ უკრაინას 16 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების შეიარაღება გადასცა.