აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.
პეტრეუსის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ვაშინგტონის შესაძლო პასუხის შესახებ რუსეთს არაერთხელ აცნობეს.
„უბრალოდ რომ შეგიქმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა – ჩვენ ვუპასუხებდით ნატო-ს კოლექტიური ძალისხმევით, რომლის ფარგლებშიც გავანადგურებდით კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც დავინახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა პეტრეუსმა ეი-ბი-სი-სთან ინტერვიუში.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-სა და აშშ-ის ჩართვას უკრაინის ომში, პეტრეუსმა უპასუხა, რომ ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, რადგანაც უკრაინა არ არის ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრი.
თუმცა, პეტრეუსი იმასაც ამბობს, რომ ბირთვული აფეთქების შედეგად რადიაციის გავრცელება იმ ქვეყნებში, რომლესაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს, შეიძლება, ჩაითვალოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „პუტინი სასოწარკვეთილია“, რადგანაც უკრაინის ძალების აღმოსავლეთში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ.
„ის რეალობა, რაც არის ბრძოლის ველზე, ჩემი აზრით, შეუქცევადი პროცესია. არც ეს უწესრიგო მობილიზაცია, არც ეს შეფარული ბირთვული მუქარა და არც ბირთული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაც კი ვერაფერს შეცვლის და პუტინს ამ სიტუაციიდან ვერ გამოიყვანს“, – განაცხადა პეტრეუსმა.