აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ენტონი ბლინკენთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე ისაუბრეს

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. საუბრისას დიპლომატებმა წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები ჟენევაში 2 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საუბრისას, თანამოსაუბრეებმა „გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დისკუსიის მექანიზმის შექმნის შესახებ.“ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საჭიროა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა, სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი რეპატრიაცია და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო დაცვა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ „მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრაზე ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით.“

„ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“ – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, მადლობა გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.