ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში, სესიაზე შვედმა დეპუტატმა თმა მოიჭრა

ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, ცენტრისტული პარტიის წევრმა, აბირ ალ საჰლანიმ თმა მოიჭრა.

„ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე, რომელზეც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა.

მანამდე სიტყვით გამოსვლისას, მან გააკრიტიკა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იმის გამო, რომ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანში ქალების მხარდაჭერა მკაფიოდ არ დააფიქსირა.

ორ კვირაზე მეტია, რაც ირანი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრაციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალს დაკავებისას სცემეს.