თუკი, მაგალითად, მთავრობის გადადგომა, ამ მიზნით მიტინგის და აქციის გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ ამ განცხადებასაც დავეთანხმები თავიდან ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ, ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ, თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეუძლია, ელჩს პატივისცემა დაუდასტუროს, მაგრამ კატეგორიულად არ დაეთანხმოს მის განცხადებას.
„თქვენ მეკითხებით, სხვისი განცხადება რას ემსახურება, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ვინც გააკეთა, მე შემიძლია, პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. თქვენ ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იყოს, დავუშვათ, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდეს ამ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი, მასთან შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის მათ შორის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა: „სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება“.