ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: რას ნიშნავს სპეკულაცია? ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, რის შემდეგავ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილს ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს.

„რამდენადაც ვიცი, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მაღალი ტემპერატურა აქვს. მოვედი სანახავად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია სპეკულაციაა.

„რას ნიშნავს სპეკულაცია? ესე იგი ტყუილია ეს ინფორმაცია? კი მაგრამ, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მოსაზრებაზე, რომ გავრცელდეს სააკაშვილის ფოტო და ვიდეო, რათა ხალხმა ნახოს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გიული ალასანიამ განმარტა, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე არსებობს ანალიზები და ფოტო არაფერ შუაშია.

„რა შუაშია ფოტო და ვიდეო, არსებობს ანალიზები. საკითხი ხომ ჯანმრთელობას ეხება. რომელ ვიდეოზეა ლაპარაკი. მე ვიცი, რომ ასეთ დროს კეთდება ანალიზები, გამოკვლევა უტარდება ავადმყოფს და ამის მიხედვით იწერება დიაგნოზი. რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს უკვე არაერთი დიაგნოზი დაეწერა. თუ ეს ყველაფერი ტყუილი, მოგონილია და მცდარია, ეს უკვე სხვა საკითხია“, – თქვა გიული ალასანიამ.