მაინტერესებს, რა საჭიროა ამერიკის ელჩთან ურთიერთობის იმდენად გაფუჭება, რომ შემდეგ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასეთი განცხადება გააკეთოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი დენის ჯენკინსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ამერიკის ელჩთან ურთიერთობის „ქართული ოცნება“ რატომ იფუჭებს, გაუგებარია.
„ნიკა გვარამიასაც ჰქონდა ცუდი განცხადება, შეიძლება ნიკა მელიასაც, მაგრამ ისინი ოპოზიციაში არიან და როცა ეს მმართველი გუნდიდან მოდის, სულ სხვა წონა და მნიშვნელობა აქვს. უკვე ცხრა დეპუტატია, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, უბრალოდ სხდომათა დარბაზში სხვა ადგილას გადაჯდნენ და მათ თავდასხმა არაერთხელ განახორციელეს. თავადაც ამბობენ, რომ იდეურად ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან, უბრალოდ, გამოხატვის სხვა ფორმებს ირჩევენ. აქედან გამომდინარე, მათი ნებისმიერი პოზიცია შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ პოზიციაა. არ მესმის, ამერიკის ელჩთან ურთიერთობის გაფუჭების რა საჭიროებაა და ამას „ქართული ოცნება“ რატომ აკეთებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.