თინათინ ბერძენიშვილმა ტელესკოლის პედაგოგ ხათუნა ნოზაძეს პირველი არხის პრიზი გადასცა.
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ამასთან, თინათინ ბერძენიშვილმა ღონისძიებაზე ტელესკოლის პედაგოგ ხათუნა ნოზაძეს პირველი არხის პრიზი გადასცა.
– “მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ყველას, ვინც აქ ხართ და განსაკუთრებით, ჩვენს ტელემაყურებელს, ზუსტად ვიცი, რომ მასწავლებლები არიან, რადგან შარშან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პირდაპირ ეთერში ვიყავით, ჯერ კიდევ ნიღბებით და სოციალური დისტანციის დაცვით, მეორე დღეს მივიღეთ უამრავი ზარი, რომ მომავალ წელს სურდათ, ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყვნენ. ამიტომ მგონია, ეს ტელეეთერი არის დამატებითი მოტივაცია, რომ ბევრი მასწავლებელი გახდეს ამ ზეიმის მონაწილე.
პირველი არხიც აწესებს ჯილდოს და მივეცით თავს უფლება, პირველი არხი – ტელესკოლის სახელით, გვყოლოდა ჩვენი გამარჯვებული. ბევრ საუბარს არ დავიწყებ ტელესკოლის მნიშვნელობაზე, შარშან ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მიხარია, რომ კვლავ მოხვდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში ჩვენი ტელესკოლის პედაგოგი, რომელმაც მართლა ჯადოქრობა ჩაიდინა ტელეეთერში. ეს არის ხათუნა ნოზაძე, ქიმიის მასწავლებელი, ტელესკოლის ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი. გილოცავთ, ჩვენც თქვენთან ერთად ამაყი ვართ.
ასევე, გეტყვით, რომ წელს პირველად გვქონდა ონლაინ ოლიმპიადა აპლიკაციაში 1tvplay, სადაც 6 000 მეექვსეკლასელი დარეგისტრირდა, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს უნდათ განათლების მიღება, მართალია, თავისთვის მორგებულ გაჯეტებში, მაგრამ მაინც ამ ყველაფერში მონაწილეობა. ვაპირებთ სხვა საგნების დამატებასაც და ყველას მოგიწოდებთ, იდეებით მობრძანდეთ ჩვენთან, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ” – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
წყარო: 1tv.ge