სამედიცინო პერსონალმა იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა, მაღალი ტემპერატურა და მაინც გაიცა ცნობა, რომ მისი დაკითხვა შეიძლებოდა. მე არ ვიცი ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე როდის შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცეცხლთან თამაშია ექიმების მხრიდან – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„გაიცა სამედიცინო პერსონალის მიერ ისეთი დოკუმენტი, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პერსონალმა იცოდა, რომ მას ჰქონდა მაღალი წნევა, მაღალი ტემპერატურა და მაინც გაიცა ცნობა, რომ მისი დაკითხვა შეიძლებოდა. მე არ ვიცი ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე როდის შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცეცხლთან თამაშია ექიმების მხრიდან, მე ამას ვაფრთხილებ ყველა ექიმს, რომ ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში ექიმი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში… მე ვამბობ, რომ რეალური სურათი და ცნობარში ასახული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რომელიღაც არის არანამდვილი და ეს არის შესასწავლი.
დღეს მე წავიკითხე ერთ-ერთი წამყვანი ექიმის წერილი, არ ვმალავ ჩემს ემოციას, აღშფოთებული ვარ. აღმაშფოთებელი კონსტრუქცია იყო ჩადებული, თითქოს სააკაშვილი არ არის ავად, მაშინ გვითხრან, სასიცოცხლო პარამეტრები გაუმჯობესდა თუ არა ამ ხნის განმავლობაში რაც სააკაშვილი საავადმყოფოში წევს? რომელიმემ გვითხრას გაუმჯობესდა? რა თქმა უნდა არა. მაღალი ტემპერატურის მიზეზი რა არის რომელიმემ გვითხრას, ვერ გვეუბნებიან. ხან ფილტვია – არ არის ფილტვი, ხან კოვიდმა დატოვა – არ ჰქონია კოვიდი, ხან ვირუსია – არ არის ვირუსი. პერსონალი ვერ ადგენს, რა არის სიცხის გამომწვევი მიზეზი, რა დავარქვათ ამას? ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოვეპყრო ყველას, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, მათაც თქვან სიმართლე, ვერ ადგენენ და არ გვექნება პრეტენზია. ადამიანი დღითი დღე ხელიდან გვეცლება და ექიმი გამოდის და ამბობს, არაფერი არ სჭირს, როგორ შევაფასოთ ეს?“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.