საბერძნეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 39 წლის ქართველ მამაკაცს, რომელმაც პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა და 8 წლის ბავშვის თვალწინ მას ყელში დანა ჩაარტყა. შემთხვევა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა. ბერძნული მედია დანაშაულის დეტალებზე წერს, სტატიაში აღნიშნულია, რომ მამაკაცმა ადრე ქალის გაუპატიურებაც სცადა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება 18 დეკემბერს დილით შევიდა. აბაზანაში ჩაკეტილი ქალი იტყობინებოდა, რომ ის სასიკვდილო საფრთხის წინაშე იყო და დახმარებას ითხოვდა. ქალმა პოლიციისთვის მხოლოდ ქუჩის დასახელება მოასწრო, რადგან თავდამსხმელმა კარი შეამტვრია და მას ტელეფონი წაართვა.
პოლიციის ეკიპაჟები ქალის მიერ დასახელებულ ქუჩაზე წავიდნენ, სახლის დადგენა კი იქიდან გამომავალი ხმაურით შეძლეს, სახლიდან ქალის ყვირილი და ბავშვის ტირილი ისმოდა. მოძალადემ კარის გაღებაზე პოლიციას უარი უთხრა, რის შემდეგაც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ კარი შეემტვრიათ. მოძალადე სახლში შესულ პოლიციასაც დაემუქრა და შეეცადა უკვე დაჭრილი ქალისთვის დანა კიდევ ერთხელ დაერტყა. პოლიციის მოწოდებაზე რომ იარაღი დაეგდო, მამაკაცმა დაზიანებები საკუთარ თავსაც მიაყენა.
პოლიციამ საბოლოოდ მამაკაცის დაკავება შეძლო. განიარაღებისას ერთ პოლიციელს ქურთუკი გაეხა, მეორე პოლიციელი კი დაშავებას ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.
ქალისთვის მიყენებული ჭრილობები მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მამაკაცის დანაშაულში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა და მას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსთავი 2