“წყლის წვეთებით ქვის გახვრეტას ცდილობს” – რას ნიშნავს დუგინას მკვლელობის აშშ-ის მედიაში გაჟონილი ვერსია უკრაინისთვის?
აშშ-ის სადაზვერვო წრეებთან დაახლოებული წყაროების მიერ დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში უკრაინული კვალის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ახალი კითხვები წარმოშვა.
ამ ყველაფრის უკან უკრაინელი ექსპერტები რუსეთის მონდომებით აგორებულ, მიზანმიმართულ ანტიუკრაინულ კამპანიას ხედავენ და ამასვე უკავშირებენ – „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებლის, ილონ მასკის „სამშვიდობო ინიციატივას“.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების უსახელო წარმომადგენელთა ვარაუდები თავდაპირველად New York Times-მა გამოაქვეყნა. შემდეგ კი, ასევე ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, მსგავსი ინფორმაცია CNN-მაც გაავრცელა.
რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომანქანა, მოსკოვის გარეუბანში, 20 აგვისტოს, ღამით აფეთქდა. რუსეთმა ეს ამბავი მაშინვე უკრაინას დააბრალა. პუტინმა დუგინა, სიკვდილის შემდეგ, სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ, შესაძლოა, არა დარიას, არამედ მამამისის მკვლელობა იყო ჩაფიქრებული. ამ ვერსიას New York Times-ის რესპონდენტებიც იზიარებენ.
New York Times-ის სტატიის მიხედვით:
დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების თანხმობით მოხდა;
არ სახელდება, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებ;
აშშ-ს არავითარი კავშირი არ აქვს აფეთქებასთან;
აშშ-სთვის უკრაინიდან არ მიუწოდებიათ არანაირი ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და არ იცოდნენ, რომ ასეთი რამ მზადდებოდა;
აშშ-მა დუგინას სიკვდილის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის წარმომადგენლებთან;
აშშ-ის ხელისუფლება იმედგაცრუებულია, რომ უკრაინა ყოველთვის საჭიროდ არ თვლის – გაუზიაროს სამხედრო გეგმები და აცნობოს მას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული „საიდუმლო ოპერაციების“ შესახებ.
აშშ-ის ხელისუფლების წამომადგენლები New York Times-თან ინკოგნიტოდ ლაპარაკობენ და მათი ვინაობა არ სახელდება. ასევე არ არის ახსნილი, როგორ, რა ეტაპზე და უკრაინის ხელისუფლების რომელი სტრუქტურები იყვნენ ჩართული დუგინას აფეთქების მომზადებასა თუ შესრულებაში. აშშ-ში ოფიციალური განცხადებები უკრაინული კვალის შესახებ არ გაკეთებულა.
მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში ძირითადად გაურკვეველი სახელებით დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომ კიევისთვის “განაჩენი” გამოეტანათ.
აშკარაა სიძულვილის ტალღის აგორებისა და უკრაინის ტერორიზმში დადანაშაულების მცდელობები. წერენ იმასაც, რომ დუგინას მკვლელობა პირადად ზელენსკიმ დაუკვეთა და ახლა, ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აშშ-მა არა რუსეთი, არამედ უკრაინა უნდა გამოაცხადოს.
– “უკრაინა შეუერთდა ალ-ყაიდას და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტებით” – წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი; სხვები კი პირდაპირ ითხოვენ, რომ აშშ და დასავლეთი აღარ დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.
https://twitter.com/MarkusHaintzUSA/status/1577754358019653632
გერმანიაში საეჭვო რეპუტაციის მქონე იურისტმა, მარკუს ჰაინცმა, რომელიც თავის იუთუბარხზე ხშირად ლაპარაკობს რუსეთისა და პუტინის სიდიადის შესახებ და ხშირად არის “პუტინის თაობად” მიჩნეული რუსი ახალგაზრდების მადლობების ადრესატი, ტვიტერზე დაწერა:
– “ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ჯარისკაცი არ იყო. ამრიგად, ეს იყო მხდალი მკვლელობა სამოქალაქო პირისა, ჩადენილი უპრინციპო მკვლელების მიერ უკრაინის ხელისუფლებიდან. ეს ხელისუფლება თითქოს წარმოადგენს და იცავს ჩვენს დასავლურ “ფასეულობებს”.
წყარო: radiotavisupleba.ge