ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებაზე „კიევის რეჟიმის რეაქცია მის ტერორისტულ ბუნებაზე“ მეტყველებს – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, კიევის რეაქცია ყირიმის ხიდზე შექმნილ „საგანგებო ვითარებასთან“ დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების „ტერორისტულ ბუნებაზე“ მეტყველებს.

„კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მის ტერორისტულ ბუნებას მოწმობს“, – დაწერა მან „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.