ნიკა გვარამია: მედიების დაფინანსებაზე უარის თქმა იწვევს არხების დახურვას

“მედიების დაფინანსებაზე უარის თქმა იწვევს პოტენციურად არხების დახურვას და ესაა პასუხი პროდასავლური საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს სულს ღაფავს” – ასე მიმართავს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი სასამართლო სხდომიდან.

მე ასევე მინდა ვთქვა აუცილებლად, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები არიან აქ, უცხოელი მეგობრები, ვინც ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირე კი არა, მთავარი რეცეპტი მათ აქვთ, ზუსტად როგორ უნდა გვშველონ. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გადაწყვეტილება აქ არის და ასე შემდეგ, კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ ვიღებთ-თქო არ ვიტყვი, ჩვენ ძალა არ შეგვწევს, რომ მივიღოთ. სამწუხაროდ ეს ასეა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია და სამწუხაროდ, ეს ასევე არის ზოგჯერ ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების ან არასათანადოდ რაღაცის თქმის შედეგიც. ჩვენს წინაშე ვალში არიან-თქო, ამის თქმა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ პოზიტიური ვალდებულება ცივილიზებულ სამყაროს, ლიბერალურ დემოკრატიებს ნამდვილად აქვთ, რომ გაჭირვებაში მყოფი ერები რაღაცნაირად იხსნან. მაშინ, როდესაც ფორსმაჟორული ძალა უპირისპირდება მათ, ვგულისხმობ, პირველ რიგში, რუსეთს, რა თქმა უნდა.

ასევე, მინდა ვთქვა, ისევ “მთავარი არხის” კონტექსტში. აქ კავკასიაა და ჩემი ახლო მეგობრები და ბატონ დათოს [აქუბარდიას] მინდა პირველ რიგში მივესალმო. კაცი, რომელიც არცერთი ხელისუფლების არ ყოფილა მაგრამ არცერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა გაბოროტებულად მოწინააღმდეგე. ჩემთვის ეს არის მედიის ფორმულა, რომ არ დაგიმალოთ. არ მიყვარს საუბარი ობიექტურ და სუბიექტურ მედიებზე. ეს უბრალოდ არ არსებობს. მედიის ფორმულაა, იყო ყოველთვის ხელისუფლების კრიტიკოსი, მაგრამ არ იგონებდე კრიტიკის საბაბს. დათო არის ამის სიმბოლო, მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ჩვენთან მედიები, რომლებიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს არიან, ამას ნამდვილად სჭირდება მოხერხება. და ყოველთვის ხელისუფლების მხარეს იქნებიან, რაც მთავარია.

ამიტომ, მე ჩემს მოკავშირეებს აუცილებლად მინდა ვუთხრა, ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პირველი ანტიდასავლური ძალაა ხელისუფლებაში, კოალიციაში არა, პირდაპირ ხელისუფლებაში, ეს ძალა კიდევ უფრო გამოხატავს, აი ეს არის სუფთა კრისტალი და არა “ქართული ოცნება”, როცა ამ ძალას ხაზგასმით და აფიშირებულად აქვს პოსტვ, და ხო არ იცით რაში დასჭირდა აფიშირებულად ჩვენება, რომ ტელევიზია აქვს?! ამით გვითხრეს, რომ ეს არის სახელისუფლებო ძალა, და მომავალშიც სახელისუფლებო ძალა, იმიტომ რომ სახელისუფლებო ძალას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ტელევიზია. ეს ასეა ამ ქვეყანაში. უკვე ათეულობით წლებია ასეა.

იმ ვითარებაში, როცა ასე ხდება და პარალელურად ყველაზე დიდი, ვგულისმხობ რეიტინგით, პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში ამ ძალის საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა, მე არ დავასახელებ ახლა ორგანიზაციებს, დასავლური მფლობელის მხრიდან, და “კავკასიისთვის”, რომელსაც უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, უარის თქმა, პოტენციურად იწვევს დახურვას ამ არხების. ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ეს არის ასე. და სიმეტრიული პასუხი ამ ანტიდასავლური ძალებისთვის ის კი არ არის, რაღაცა აბდაუბდას რო გამოაქვეყნებენ და მერე ამის საპასუხო განცხადებები ვრცელდება, ეს არ არის სიმეტრიული პასუხი. სიმეტრიული პასუხი არის პროდასავლური ძალების გაძლიერება, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.