დროა, მასობრივად მოვუყვეთ ქვეყანას რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა ამერიკულმა დახმარებამ, რამდენ სიკეთეზე წვდომა გახადა შესაძლებელი, როგორ შეცვალა საუკეთესოდ ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნული მიმართვით თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელშიც ისინი აშშ-ს და დასავლეთს აკრიტიკებენ. ხიდაშელმა აღნიშნულ დეპუტატებს „კრემლის ხელის ბიჭები“ უწოდა.
„ცოტა გრძელი პოსტი გამოვა, მაგრამ გადავწყვიტე სიცილისა და დაცინვის მდგომარეობიდან გამოვიდე და ამ უპასუხისმგებლო, კრემლის ხელის ბიჭებს პასუხი გავცე.
ვინაიდან სინამდვილეში ის პროპაგანდა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, მხოლოდ სიმონიანისგან კი არ მოდის, იმავე მიზანს აქ, თბილისშიც ემსახურებიან და ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე სასაცილო აღარ არის.
სად დაიხარჯა ამერიკული ფულიო სერიოზული სახეებით რომ კითხულობენ და შემდეგ საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობაში „ამხელენ“. ვფიქრობ დროა, არა მათთვის, არამედ ყოველი ჩვენგანისთვის ამ დახმარების მიმღებმა და ადრესატებმა მასობრივად უნდა მოვუყვეთ ქვეყანას რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა სწორედ ამერიკულმა დახმარებამ, რამდენ სიკეთეზე წვდომა გახადა შესაძლებელი, როგორ შეცვალა საუკეთესოდ ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა.
არა, ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანი უნდა ყოფილიყო რეგიონში, სადაც თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა ყოფილიყო ჩვენი ყოველდღიური ნორმალური ცხოვრება და რომელიც გადამდები ეფექტის მაგალითი უნდა გამხდარიყო ავტოკრატიებითა და დიქტატურებით გაჯერებული სამეზობლოსთვის, რომ თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის თუ იბრძვი და შრომობ პარტნიორები და მეგობრები გვერდში დაგიდგებიან და შეუძლებელი არაფერია.
სად და ვისთვის იხარჯებოდა ამერიკული დახმარება? ათასობით ახალგაზრდისთვის შეუძლებელის შესაძლებლად ქცევაში, საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში განათლების მიღება, ქართველი სამხედროების სწავლების, აღჭურვის, გაწვრთნისთვის, ქართული პოლიციის დახმარებისთვის, ჰეპატიტის ელიმინაციისთვის და კიდევ რამდენი მსგავსი შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ეხლა სწორედ არასამთავრობოების დაფინანსებას უნდა შევეხო.
სხვებზე დეტალურად ვერაფერს ვიტყვი, რადგან შესაძლოა, ბევრი არ ვიცოდე, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე უნდა დავწერო. ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. ხომ გახსოვთ ეს რა პერიოდია. ქუჩაში სახელმწიფოს მიერ ხელდასმული თოფიანი კაცები დარბიან, ქვეყანა შუქისა და სითბოს გარეშეა, ადამიანები მასობრივად სამსახურებს კარგავენ და უსამართლობა ზეიმობს, ლუკმა-პური ჭირს. სწორედ ამ დროს შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც სრულიად პირდაპირ მნიშვნელობით ათიათასობით ადამიანს ეხმარებოდა მხედრიონულ-კომუნისტური ნარჩენების მიერ შექმნილი დრაკონული სისტემის გარღვევაში, იცავდა ციხეში, პოლიციის ჯურღმულებში, ჰაუბახტებში. სწორედ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით შექმნილ პირველ იურიდიულ ბიბლიოთეკაში, სადაც იმ დროს რომ ვერც კი იოცნებებდი ისეთი იურიდიული ლიტერატურა ჩნდებოდა, ლამის ყოველკვირეულად, ემახურებოდა სწავლას მოწადინებულ ახალგაზრდებს. მასპინძლობდა ათეულობით სემინარს და შეხვედრას იმავე ახალგაზრდებისთვის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით. ჩვენი სატელეფონო კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა (ღამის მორიგეობაც გვქონდა), რომ პოლიციის მიერ გაუბედურებული მორიგი ახალგაზრდის დედის ზარს, რომელიც დახმარებას და შველას ითხოვდა, პასუხის გამცემი, დამაკვალიანებელი და გვერდში მდგომი მებრძოლი ყოლოდა. თავად ორგანიზაცია შემოსავლის გარეშე დარჩენილი ასობით ოჯახისთვის გადარჩენის ერთდერთი წყარო იყო, სხვადასხვა დროს ჩვენს მიერ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 100 იურისტს აჭარბებდა საქართველოს 7 ქალაქში. ხშირად, განსაკუთრებით ორგანიზაციის დაარსების პირველი ათი წლის მანძილზე სწორედ ჩვენს მიერ მოპოვებული გრანტით დაფინანსებულ პროექტებში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი ერთდერთი იყო არა მხოლოდ მხოლოდ მათთვის არამედ მათ დიდი ოჯახებისთვის.
იყო წლები, როდესაც ასოციაცია ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედის და მომავლის რწმენის შესანარჩუნებლად ან დასაბრუნებლად მოდიოდნენ ახალგაზრდები. საუნივერსიტეტო კორუფციას გამოქცეულნი სწორედ აქ ეძებდნენ სინათლეს და პოულობდნენ თავისიანებს სირთულეებთან გასამკლავებლად.
მე მესმის, რომ ადამიანებისთვის ვისაც სხვისთვის არასოდეს არაფერი უკეთებიათ, ვინც საკუთარი ცხვირის მიღმა არასოდეს გაუხედავს, ვისი საქმიანობის ისტორიაც პარლამენტის წევრობით იწყება, რთული გასაგებია, თუ რატომ შეიძლება 7 თვის ორსული ქალი პოლიციის ჯურღმულში დამწყვდეული, ნაწამები ახალგაზრდის გამოხნას მისი და მისი ჯერ არდაბარებული შვილის სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდეს, ან რატომ შეიძლება 20-22 წლის ახალგაზრდა გოგონები საარჩევნო უბნებზე იარაღის მუქარის ქვეშ ოქმებს იცავდნენ, ან ოციოდე წლის ახალგაზრდა კაცი მხედრიონულ-კრიმინალურ სამხედრო დაჯგუფებას მარტო უპირისპირდებოდეს ჰაუბახტიდან ნაწამები თანამოქალაქის გამოხსნის ჟინით შეპყრობილი.
გასაგებია, რომ უმრავლესობას უბრალოდ არ გესმით იმ საქმის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით და დღესაც დარწმუნებული ვარ ემსახურებიან საია-ში, მაგრამ, მინდა მივმართო სოზარ სუბარს, ასეთი ვისი და რა ვალი გაქვს რომ საკუთარ წარსულზე უარს ამბობ, ემიჯნები და სიმონიანის ქართულ კარიკატურად იქეცი?
დღეს ეს იყოს, იმედია სხვა ორგანიზაციებიც მოყვებიან საკუთარ ისტორიას, ისევ და ისევ არა ამათთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომ ის სინათლე, რომელიც სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააჩინეს 90-იანების ჯოჯოხეთში, არ ჩაქრეს და გადარჩეს.
რაღა თქმა უნდა, ეს თითქმის 30 წლიანი ისტორია მხოლოდ ამერიკელების დახმარებაზე არ დგას და ამ საქმიანობის შესაძლებლად ქცევაში ევროპელი პარტნიორების წვლილიც დიდია“, – დაწერა თინა ხიდაშელმა.