არგენტინაში და ლონდონში რომ დადიხარ პარლამენტის ფულით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სამუშაო ჯგუფში რომ დაჯდე ისევ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არ შეიძლება? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარლამენტში არსებულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უწევს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაოს.
„მე მინდა, რომ ჩემი შვილების, ჩემი ქვეყნის წინაშე ვიყო მართალი, ამიტომ რაც დამავალეს, იმას ვაკეთებ. რომ ეთქვათ, ირბინეო, ვირბენდი, მაგრამ დაგავალეს, დასხედით და ერთად იმუშავეთ, ოღონდ ორივე მხარე დასხედითო და დაჯექი, შე დალოცვილო! რატომ არ მოდიხარ? არგენტინაში ხომ დადიან მივლინებაში ზუსტად ის ოპოზიციონერები, სამუშაო ჯგუფში რომ ეზარებათ შემოსვლა. არგენტინაში და ლონდონში რომ დადიხარ პარლამენტის ფულით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სამუშაო ჯგუფში რომ დაჯდე ისევ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არ შეიძლება? იმიტომ კი არა, რომ გიყვარდეს „ქართული ოცნება“ და ხელგადახვეულმა იაროთ, მათ დაგავალეს. თან ჩამოდიან ეს უცხოელები, არ გვრცხვენია მაინც? გეუბნება რუმინეთის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი… დახურულ შეხვედრაზეც გეუბნებიან, „რატომ არ ჯდები? რა გჭირთ ამისთანა, რომ ერთად დასხდეთ?“ არგენტინაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივლინებაში, სასეირნოდ სინამდვილეში, ხომ დადიან? იქ „მოსულა“, რომ თვითმფრინავში 15 საათი ერთად იყო და გადაიფრინო 2 ოკეანე, აქ რომ დაჯდე და იმუშაო, ეგ არ მოსულა?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.