რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვენედიქტოვის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მისი თქმით, ეს ნატოში კარგად ესმით.
მან უკრაინის განცხადებას ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის თაობაზე „პროპაგანდისტული ნაბიჯი“ უწოდა.
„კიევმა კარგად იცის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, სწორედ ამის იმედი აქვთ – საინფორმაციო ხმაური შექმნან და კიდევ ერთხელ მიიპყრონ ყურადღება საკუთარ თავზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატოში მიღებას. ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად განცხადებებისა უკრაინის მოვლენებში ჩარევის შესახებ, დასავლელების მიერ განხორციელებული რეალური ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონფლიქტის უშუალო მხარე არიან“, – განაცხადა ვენედიქტოვმა.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა, იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ნატოში მიღება ავტომატურად მისცემს ამ მონაწილეობას ახალ ხარისხს, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ამოქმედდება (კოლექტიური თავდაცვის შესახებ). მან დასძინა, რომ ასეთი ქმედებები სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს მთელი კაცობრიობისთვის.