თურქეთმა დაამტკიცა, რომ არის ყველაზე სანდო პარტნიორი ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ასტანაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
შეხვედრის დაწყებისას, პუტინმა ერდოღანს თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრალური ქსელის შექმნა შესთავაზა.
რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ გაზსადენი „თურქული ნაკადი“ წარმატებით მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი აფეთქება სცადეს.
თავის მხრივ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს სურს სტამბოლის კონსენსუსის შენარჩუნება და ღარიბი ქვეყნებისთვის რუსული მარცვლეულის და სასუქის ტრანსპორტირება.
„მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც თურქეთი და რუსეთი გადადგამენ ამ პროცესში, შეაწუხებს გარკვეულ წრეებს, ისინი გაახარებენ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთთან ერთად, სინოპში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იმედი გამოთქვა.