გია ვოლსკი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე – “შვილი მოგვიკვდა მთელ საქართველოს, ანგელოზივით მარიტა დავკარგეთ – ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება”.
შვილი მოგვიკვდა მთელ საქართველოს. მწუხარება უნდა გავიზიაროთ და ოჯახს ტკივილი შევუმსუბუქოთ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარს პასუხი უნდა გაეცეს.
– “შვილი მოგვიკვდა მთელ საქართველოს. მწუხარება უნდა გავიზიაროთ და ოჯახს ტკივილი შევუმსუბუქოთ. ხანდახან არის საკითხი და მდგომარეობა, როდესაც უნდა აერთიანებდეს ქვეყანას თუ სიხარული არა, ასეთი უბედურება და ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებებს ვიხილავთ.
ამ ტრაგედიის შემხედვარე ყველაფერი ფერმკრთალდება. უშველებელი ტრაგედია მოხდა, ანგელოზივით მარიტა დავკარგეთ ყველამ – ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება.
ჩემი სურვილია, იქნებ ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანოს, ვილოცოთ და ყველას მოვუწოდოთ რომ თავშეკავებულად დაველოდოთ გამოძიებას” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: kvira.ge