უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესები იყოს ჩადებული, ეს ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე პარტიები იყვნენ ჩართული და საბოლოო ჯამში, ამ რეზოლუციას ჩრდილიც მიაყენეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და სააკაშვილს პირდაპირ ხელი დაადეს, როგორც ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ ამას „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ. მათთვის ქვეყნისა და საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, ეს გასაგებია და აქაც სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიას“ იყენებენ იმისთვის, რომ ასეთი „ჩაწერილი“ წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსნებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსნები.