ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება

ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით ბონი ჯენკინსიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, სადაც ისაუბრა 5-7 ოქტომბერს თბილისში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტზე.

„დიახ, ნამდვილად, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოდან, თბილისიდან და პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც წავედი იყო იმ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ჩასული ვიყავი იმისთვისაც, რომ გვესაუბრა ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მე კონფერენციაზე სასაუბროდაც ვიყავი ჩასული. ასევე ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

იმის გათალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.

ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“,- განაცხადა ბონი ჯენკინსიმ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში ყოფნის დროს მის მიერვე გაკეთებული განცხადებაზე, რომლის თანახმად, პერსონალური თავდასხმა საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე და ამერიკის საელჩოზე უფრო დიდი კონტექსტის ნაწილია რომელიც მთელ რეგიონში არსებობს. მან განმარტა, რა იგულისხმა აღნიშნულ განცხადებაში.

„ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკის და სხვა მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.

დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა – და ასეც მოვიქეცი – ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში“, – განაცხადა ბონი ჯენკინსიმ.