რა მოგებაზე მუშაობს თემურ ჭყონიას “კოკა-კოლა” საქართველოში – 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლები.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ გასული წელი პანდემიური 2020 წლისგან განსხვავებით, მოგებით დაასრულა. აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.
კერძოდ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლის ზარალი 31,049 მლნ ლარი იყო.
ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები – 283,676 მლნ ლარი; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება – 215,675 მლნ ლარი; მთლიანი მოგება კი შეაბამისად, 68,001 მლნ ლარი იყო. სულ, კომპანიის წლის სრულმა შემოსავალმა 30,544 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ინდივიდუალური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 322,784 მლნ ლარის აქტივები იყო.
ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი თემურ ჭყონიაა.
რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიბუციოდ და გასაყიდად. ის ფლობს და ამუშავებს ასევე სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გადაიტანა საწარმო და ადმინისტრაციული ოფისი ნატახტარში. ყველა საწარმო ხაზი ახალ ქარხანაში ოპერირებდა 2020 წლის ივლისიდან, ხოლო ადმინისტრაციული შენობა 2020 წლის სექტემბრიდან. ჯგუფმა ძველი საწარმო მიწასთან ერთად დააკლასიფიცირა, როგორც საინვესტიციო ქონება და მისი განვითარებისთვის აქვს აქტიური გეგმები.
ანგარიშგებიდან ირკვევა ისიც, რომ 2021 წელს სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წლიური ბრუნვა წინა წელთან შედარებით 45%-ით გაიზრდა.
მიუხედავად COVID 19-ის ნეგატიური გავლენებისა, წინა წლების მსგავსად, 2021 წელს გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ახალი მაცივრების განთავსება და მეტი ცივი პროდუქტის შეთავაზება ბაზრისათვის. გარე ფაქტორებიდან მეტ-ნაკლებად დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა ტურისტულ სფეროში წლის ბოლოსათვის.
რაც შეეხება დასაქმებულებს, 2021 წლის განმავლობაში, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ დასაქმებული იყო 303 თანამშრომელი, მათ შორის 66 ქალი და 237 კაცი; შვილობილ კომპანიებთან ერთად კი თანამშრომელთა რიცხვმა 313 შეადგინა.
ამასთან, ანგარიშგებაში ისიც არის მითითებული, რომ 2021 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 35% უკავია.
წყარო: newposts.ge