1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონამ მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.
ნონა გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტიტულები იმდენად ბევრია, რომ დათვლა შეუძლებელია, ნონა დღესაც თამაშობს ვეტერანთა ტურნირებზე და თითქმის ყველგან წარმატებულია.
5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ერთხელ, ზუგდიდის პიონერთა სასახლეში გამართულ შეჯიბრებაზე ნონამ ერთ-ერთი ძმის ნაცვლად იასპარეზა, რომელიც ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა და ნონამ მასზე ბევრად ძლიერი მეტოქე მალევე დაამარცხა.
1953 წლის ზაფხულში, ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე ნონა უკვე ზუგდიდის ნაკრების წევრი იყო. სწორედ აქ შენიშნა მისი ტალანტი ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ და უკვე 1954 წელს მისი დაჟინებული თხოვნით ნონა სასწავლებლად თბილისში გადაიყვანეს.
ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით, ნონას პარტიის დასრულების შემდეგ ბრძანა: “შევამჩნიე, რომ მას მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა”.
1955 წელს ნონამ თბილისის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიგო. შემდეგ, რიგაში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაზე ისახელა თავი. 1956 წელს ქალ მოჭადრაკეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს ნონამ კარიერაში პირველად, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 15 წლის ნონამ აქ 16 პარტია ითამაშა და 15,5 ქულა მოაგროვა.
19 წლის იყო, როდესაც ვრიანჩკა ბანიაში ჩატარებულ პრეტენდენტთა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო. აქ მან 16 შესაძლებლობიდან საკუთარ ანგარიშზე 13 ქულა მიითვალა და მისი უშუალო კონკურენტების – ვალენტინა ბორისენკოსა და კირა ზვორიკინას დამარცხება შეძლო.
1962 წელს მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნონამ ელიზაბეტა ბიკოვა ანგარიშით 9:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა.
– “საქართველოში როგორ დამხვდნენ? – მატარებლით მივდიოდით და სოხუმის შემდეგ თითქმის ყველა სადგურზე გავჩერდით. ამოდიოდნენ ადამიანები და ყვავილებს მჩუქნიდნენ. თბილისის სადგურზე საერთოდ გასაოცარი ამბავი იყო. იმდენი ადამიანი გახლდათ შეკრებილი, რომ მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა” – იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.
ზუსტად 60 წლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში კვლავ ისაუბრებენ ნონას ფენომენის შესახებ, დღეს იქ პირველ მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართება და ასევე შედგება სპეციალურად ამ საიუბილეო თარიღისადმი გამოცემული წიგნის „დედოფალის“ პრეზენტაცია.
სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და 17 ოქტომბერი ქართული ჭადრაკის დღედ გამოცხადდა და დღეიდან მთელი კვირის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი ტურნირი გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნონა არის პირველი მოჭადრაკე, რომელიც დაფნის გვირგვინს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ნონა გაფრინდაშვილმა ვაჟთა ჭადრაკშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჟთა ნორმატივიც შეასრულა და საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-1964), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-1986 წლებში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადებზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს მანილას საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნონა გაფრინდაშვილი თანაგუნდელებთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ჩემპიონობას ზეიმობდა.
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია.
1989 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი. იგი დღემდე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტია.
1997 წელს ფიდე-ს 68-ე კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს ჯამური საუკეთესო შედეგისთვის გადაეცემათ.
1999 წელს ნონა გაფრინდაშვილი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქარეთველ ქალ სპორტსმენად აღიარეს.
2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.
წყარო: 1tv.ge