თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია “სრულყოფილი შადრევანის” გასაკეთებლად “ყოველდღიურ რეჟიმში” მუშაობდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომები, ამ პროექტშიც იყო გათვალისწინებული რამდენიმე ასეთი ნიუანსი. [შადრევანში] არის ჩადებული რამდენიმე რელე, რომელსაც, ძაბვის ცვალებადობის დროს, სისტემა უნდა გამოერთო. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ მოხდა ეს, რატომ არ გაითიშა სისტემა – ეს იყო კონკრეტულად ამ ხელსაწყოს ბრალი თუ ეს იყო პროექტის დროს დაშვებული შეცდომა. ამას უკვე გვანახებს გამოძიება. ზოგადად, როცა რამე კონკრეტული ეტაპი ბარდება, დგება მიღება-ჩაბარების აქტი, ხდება ექსპერტის მოწვევა და შემდეგ ექსპერტი ადარებს პროექტს იმ შესრულებულ სამუშაოებს და ან ადასტურებს ან რაღაც ხარვეზებს აფიქსირებს შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასკვნა დადებითია, ჩვენი სამსახურები აწერენ ხელს და შესაბამის სამუშაოს იბარებენ. აგვისტოს ბოლოს, აღნიშნული კომპონენტი ჩაგვბარდა და აგვისტოს ბოლოდან, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, მიდის სხვადასხვა სამუშაო – იქნება მორეცხვა, სხვადასხვა სანათის გასწორება, წყლის ჭავლის გასწორება… იმისთვის, რომ სრულყოფილი შადრევანი მიგვეღო”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო