„იქნებ რაიმე სტანდარტები დავამკვიდროთ ამ ტრაგედიის მერე – ერთი მხრივ, რომ ტექნიკური, პროფესიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები ასეთი ტრაგედიებისგან და ავირიდოთ მომავალში და, მეორე მხრივ, რომ მოხდეს გამოძიება და წინასწარ ანათემას არ გადავცეთ უდანაშაულო ადამიანები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება ჭეშმარიტება, ბუნებრივია სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რომ გამოძიება აუცილებლად მიუკერძოებლად ჩატარდება და პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე.
„ვინც კი შემხებლობაშია ამ ამბავთან, არავის არ ინდობს გამოძიება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე. მანამდე კი ჩვენ არ გვყავს ქალაქის მერი გადასაყენებელი, მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გამო. კახა კალაძეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს თქვენს მიერ მის თანამდებობასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით წამოწეული საკითხები, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ რატომ უნდა ბედავდეს ვიღაც ადამიანი, რომ წინსწრებით რაღაც მორალური ტვირთი აკიდოს. ეს ასე ვერც მოხდება, იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ვფიქრობ, ასეთ დროს ჩვენ ცოტა მეტი ჰუმანურობა და სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ და ბოლო-ბოლო ერთმანეთი დავინდოთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვები შადრევანთან თამაშობდნენ, რომლებსაც ბურთი ჩაუვარდათ შადრევანის აუზში. 2 ბიჭი ბურთის ამოსაღებად ჩავიდან აუზში, თუმცა იქიდან ამოსვლა ვერ მოახერხეს. ამ დროს მათ საშველად გოგონა ჩავიდა. ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა აუზიდან ამოსვალას. სამივეს დენმა დაარტყა.
ბავშვების გადასარჩენად აუზში მამაკაცი ჩავიდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით დენი ურტყამდა, თუმცა ბავშვები არ მოუტოვებია და აუზიდან ამოყვანა.მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვების გადასარჩენად აუზში ჩავიდა ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია.
3 ბავშვიდან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხოლო 2 ბიჭი თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში იყო მოთავსებული. ამ დროისთვის ორივე მოზარდი სახლში იმყოფება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბავშვები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.