კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 19 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამაშველო სამსახურების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სუ-34“ ტიპის თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ხუთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ მთავარმა სამხედრო საგამოძიებო სამმართველომ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.